გორის ჩოგბურთის კორტებზე, რომელიც უკვე ერთი წელია გაიხსნა 15 ოქტომბერს პირველი ტურნირი გაიმართა. სადებიუტო შეჯიბრება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით მოეწყო სახელწოდებით - Gori University Open 2009". საუკეთესოები გამოვლინდნენ როგორც სტუდენტთა ისე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა შორის.
ამ უკანასკნელთაგან საუკეთესო პროფესორი ზაზა ზერეკიძე აღმოჩნდა, რომელმაც ფინალში უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი დაამარცხა. სტუდენტ გოგონებში საუკეთესო იყო თათია ხუციშვილი, ხოლო ვაჟებში ზვიად ჯამბრიშვილი.
ტურნირს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხიც დაესწრო. მისი განცხადებით უახლოეს მომავალში შესაძლოა გორში ჩოგბურთის რეგიონული ფედერაცია დაარსდეს. ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩოგბურთის ადგილობრივ მესვეურთ შეპირდა, რომ გორში ჩოგბურთის პოპულარიზაციის მიზნით მომავალ წელს ამ ქალაქის კორტებზე ფედერაციის ეგიდით არც მცირე მასშტაბის ტურნირის გამართვა იქნება გამორიცხული.