სამართალდამცველებმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე საქართველო-სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარინა პეტროსიანი საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" 35 000 ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის (ოქრო) ჯართის გადატანას საბაჟო წესების დარღევით ცდილობდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის III ნაწილით (საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუვილერო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა) დაიწყო. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს დანაშაულში ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.