საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რევაზ ლაშხმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. დორტმუნდში გამართულ ტურნირზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშხმა ხუთი მეტოქე დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა. პირველ რაუნდში მან ფრანგი სებასტიან იდალგო დაამარცხა, მეორე ეტაპზე პოლონელ ედუარდ ბარსაგიანს სძლია, მეოთხედფინალიდან რუმინელი ევროპის ჩემპიონი იანკუ დიაკონუ გამოთიშა ტურნირს. ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევი დაამარცხა, ფინალში კი ბულგარელი სერაფიმუ ანგელოვს სძლია.
ამ ხუთ ორთაბრძოლაში ლაშხს მესამე პერიოდი მხოლოდ აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დასჭირდა. ხოლო დანარჩენებს პერიოდწაუგებლად მოუგო.
მედლები 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ ბეგი დარჩიას შეგირდები სამეულს მიღმა დარჩნენ. ყველაზე დიდი მოულოდნელობა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრის, მანუჩარ კვირკველიას (74 კგ) წარუმატებლობა იყო. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველივე შეხვედრის წაგებით დაკარგა.
2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, სოსო ჯაბიძეს (96 კგ) შარშანდელი შედეგის განმეორებამდე ორი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში, მოლდოველი მარინ კაზაჩის ჩამოცილების შემდეგ მომავალ ფინალისტთან, სომეხ არტურ ალექსანიანთან წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ჩერნოგორიელ ვლადიმერ რადოსლავლევიჩს კი გასცდა, მაგრამ ნორვეგიელ მარტინ ნილსენთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა ერთადერთი მედლით დაასრულა.