საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური "რვიანის" მოთხოვნას "სისულელეს" უწოდებს.
"ახლა მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში და რამდენიმე რადიკალური პარტიის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ რაიონებს არ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში.რა თქმა უნდა ეს არის სისულელე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საჩხერეში სტუმრობისას.
მისივე განმარტებით, თუკი მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები არ მიიღებენ, საზოგადოება შემდეგი რეალობის წინაშე აღმოჩნდება: პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს შეარჩევს ერთი და იგივე 30-40 კაცი, რომელთა პოლიტიკური გამოცდილების მაქსიმუმი ისაა, რომ "რუსთაველზეა ნამყოფი" ან "გვერდით ქუჩაზე ნაქეიფარი".
" ერთი და იგივე 30, 40 და 50 კაცი, რომელთაც ბოლო 20 წელი ვუყურებთ ტელევიზიით და რომლებიც არც მიწას ამუშავებენ, არც ტრაქტორს იყენებენ, არანაირ საზოგადოებრივ საქმეს არ აკეთებენ და რომელთა საქმე მხოლოდ რუსთაველზე იწყება და მთავრდება, გამოდის და ჭკუას გვარიგებს. სუსტები არიან ეს პარტიები და იმიტომ არიან სუსტები, რომ მათ ხალხის აზრი არ აინტერესებთ. თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებ და თუ ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებ, ხარ სუსტი", - აღნიშნა სააკაშვილმა.