ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის პროფესორ ბილ ბოურინგის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ჰააგაში წარდგენილი სარჩელი თავიდანვე არასწორი იყო.
"რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის თანახმად, მანამ სანამ სასამართლომდე მიხვალ კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება უნდა ამოწურო, რაც საერთაშორისო სამართლის წესია... მე თავიდანვე ძალიან გამიკვირდა, რომ საქართველომ პირდაპირ სასამართლოს გზა აირჩია. ეს ჩემთვის მუხლის რეფლექსის მსგავს რეაქციას ჰგავდა", - განუცხადა ბოურინგმა Radio Liberty-ს.
ამასთან, მისივე აზრით, საქართველო დღევანდელი ფორმით საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შესძლებს.
"თქვენ ვერ შესძლებთ სასამართლოში ერთი და იგივე საქმის ორჯერ შეტანას, თუკი საერთაშორისო სასამართლო დარწმუნებული არ იქნება იმაში, რომ მეორე პირველისგან არსებითად განსხვავდება. ვფიქრობ, საქართველოს მოუწევს ძალიან სერიოზულად ფიქრი იმაზე, თუ რა გზა იქნება საუკეთესო მომავალში", - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბოურინგის თქმითვე, გაცილებით უკეთესი პერსპექტივა აქვს საქმეებს, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეთნიკურმა ქართველებმა წარუდგინეს და რომელშიც ისინი რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.