ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთის დიდი სამამულო ომის ვეტერანების საბჭომ ოს სეპარატისტთა ლიდერს, ედუარდ კოკოითის, მიმართა და კიდევ ერთი ე.წ. საპრეზიდენტო ვადით დარჩენა სთხოვა. ექსპერტებმა ეს მიმართვას ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის არაოფიციალურ დასაწყისად შეაფასეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"დიდი სამამულო ომის ვეტერანების საბჭოს სამხრეთ ოსეთში ევგენი დიაკონოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც გაახმოვანა კიდეც ედუარდ კოკოითის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დარჩენის იდეა. ევგენი დიაკონოვი პარლამენტარ ამირან დიაკონოვის მამაა, რომელიც მეორე ვეტერანულ ორგანიზაციას - სამხრეთ ოსეთის დამცველთა კავშირს თავმჯდომარეობს.
ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარული და სოციალური კვლევების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი გიორგი ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადება კოკოითის გარემოცვაში არსებული აზრი გამომხატველია", _ წერს "ეხო კავკაზა".
"ყველაზე უკეთესი რეჟიმისთვის, რომელსაც ხელისუფლების შენარჩუნება უნდა (არადა მას უნდა!), რა თქმა უნდა, არის - არ დათმო არაფერი, არაფერი არ გასცე და როგორმე გახვიდე მესამე ვადით. ეს მართალია ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც შანსები მათ აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ლიდერებს ძალიან ბევრი სუსტი ადგილი აქვთ, ვიღაცამ კოკოითის გარემოცვაში ამ თამაშის წამოწყება გადაწყვიტა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ვეტერანების ამ მიმართვის ახლა გამოჩენა წინასაარჩევნო კამპანიის არაოფიციალური სტარტია.
"ალბათ, ისინი კოკოითის გარემოცვიდან ვიღაცის თხოვნას ასრულებენ. ასე ცდილობენ აჩვენონ ყველას, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ედუარდ კოკოითის უჭერს მხარს და სურს, რომ იგი ხელისუფლებაში დარჩეს.
ამავე დროს ეს არის საზოგადოებრივი აზრის გაგების ერთ ერთი საშუალება. მათ უნდათ დაინახონ, თუ რა რეაქცია ექნება ამ განცხადებაზე ხალხს, ხოლო შემდეგ ნაბიჯებს ალბათ ამის შემდეგ გადადგამენ.
რაც შეეხება პირადად კოკოითის, პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი სავსებით გამორიცხავს მესამე ვადით არჩევის ვარიანტს", _ აცხადებს ჩოჩიევი.