საქართველოს პროკურატურამ ებრაელი ბიზნესმენების მოქმედების დეტალები წარმოადგინა. როგორც მთავარი პრიოკურატურის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა ზაზა ქაჩიბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების მონოპოლიას დაეუფლნენ.
ქაჩიბაიას თქმით, ებრაელი ბიზნესმენები საქართველოში გამოჩნდნენ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო და არ არსებობდა არც ერთი ლეგიტიმური ორგანო, ქვეყანაში კი კორუფციის დონე იყო მაღალი.
მისივე განმარტებით, ამის გამო ებრაელმა ბიზნესმენებმა ადვილად მოახერხეს ცალკეული ოფიციალური პირების მოქრთამვა და სავსებით უსასყიდლოდ დაეუფლნენ ქვეყნის გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ძირითად ობიექტებს, არა მხოლოდ არსებულს, არამედ მომავალში ასაშენებელსაც.
"მიუხედავად ამისა, ფუქსმა და ფრენკელმა ის მინიმალური ვალდებულებებიც არ შეასრულეს, რის გამოც მათ ხელშეკრულება გაუუქმდათ. ამის გამო საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლომ მათ 100 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან იგი საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო წესით გაასაჩივრა.Aამის შემდეგ ფუქსმა და ფრენკელმა ისევ მიმართეს ჩვეულ ხერხს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სხვადასხვა დროს საარბიტრაჟო დავის შეწყვეტის სანაცვლოდ ჯერ თბილისში, შემდეგ კი სტამბულსა და ბათუმში ქრთამის სახით შესთავაზა 7 მლნ აშშ დოლარი. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამ შეთავაზების შესახებ აცნობა საქართველოს პროკურატურას, რის შემდეგაც ფუქსი და ფრენკელი დაკავებულ იქნენ,"-აღნიშნეს პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელც ბრალდების მხარის არგუმენტებს გააბათილებდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ რამდენიმე წუთის წინ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით. ბიზნესმენები დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადდნენ, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.