თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანასაულებრივი ჯგუფის წევრები, შპს „ემ-ელ-ემ ტექნოლოჯის" დამფუძნებელი ლაშა ბადრიშვილი და დირექტორი ბორის შაბლენკო.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის ოფისში იბარებდნენ მოქალქეებს და არწმუნებდნენ, რომ თითქოსდა საერთაშორისო კავშირების მქონე შპს „ემ-ელ-ემ ტექნოლოჯი" საქართველოში იაპონური ბრენდის - „გოლდ ჯენერალის" ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბადრიშვილმა და ბორის შაბლენკომ სხვადასხვა სახის რეკლამის საშუალებით დასაქმების მსურველი მოქლაქეები ტრენინგებზე დაიბარეს. შპს „ემ-ელ-ემ ტექნოლოჯის" დამფუძნებლებს თავიანთი საქმიანობის შესანიღბად დაქირავებული ჰქონდათ სოლიდური ოფისი გაგარინის ქ. N 20-ში. აქვე ტარდებოდა ე.წ. ტრენინგები, რომელზე დასასწრებადაც მოქალაქეები 30 ლარს იხდიდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეგნებულად უმალავდნენ იმ ფაქტს, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, მათი კომპანიისაგან, შემდგომი რელიზაციის მიზნით, სავალდებულოდ უნდა შეეძინათ 500-750 ლარამდე ღირებულების ელექტრო-საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის რეალური ღირებულება აღნიშნულ თანხაზე გაცილებით ნაკლებს შეადგენდა, რადგან პროდუქცია რეალურად იაპონიიდან კი არ მოდიოდა, არამედ „ლილოს ბაზრობაზე" იყო შეძენილი. მოქალაქეებს მოტყუებით არწმუნებდნენ ტექნიკის ექსკლუზიორობაში და მათაც რეალიზაციის დროს იგივე ინფორმაცია უნდა გაევრცელებინათ.
შპს „ემ-ელ-ემ ტექნოლოჯის" პირობების მიხედვით, თუ დასაქმების მსურველი 500-750 ლარის პროდუქციის რეალიზაციას არ მოახდენდა, მაშინ მასთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა. ეს ფაქტი ტრენინგის მონაწილეებისათვის ცნობილი ხდებოდა მხოლოდ სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, რის გამოც უმრავლესობას თავადვე უხდებოდა პროდუქციის არარეალურ, გაცილებით მაღალ ფასში შეძენა. მისი რეალიზცია კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ მოქალაქეები ვერც სამსახურს შოულობდნენ, ვეღარც ტრენინგში გადახდილ 30 ლარს იბრუნებდნენ და ხუთმაგ ფასში შეძენილი არაექსკლუზიური საყოფაცხოვრებო ტექნიკაც ხელზე რჩებოდათ.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.