ოფიციალური თბილისის შეფასებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოსთან კონფლიქტის მხარედ რუსეთის აღიარების მოთხოვნას ლეგიტიმაცია მისცა.
"საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედფერაცია არის საქართველოსთან კონფლიქტში მონაწილე და არა მესამე მხარე, როგორც ამის წარმოჩენას მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს ჰააგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასამართლოს ის აღიარებაც, რომლის მიხედვითაც, ჰააგის ტრიბუნალმა დაადასტურა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის წლების განმავლობაში დავის საგანს სწორედ ეთნიკური წმენდის საკითხი წარმოადგენს.
"ყველაზე მთავარი აღიარება არის ის, რომ საქართველოსა და რუსეთის საკითხზე დავა ეთნიკური წმენდის საფუძველზე მიმდინარეობს და სწორედ ეთნიკური წმენდა წარმოადგენდა წლების განმავლობაში მოსკოვსა და თბილისს შორის სადავო საკითხს", - აღნიშნა კალანდაძემ.
რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვის შეწყვეტას, კალანდაძის თქმით, საერთაშორისო მართლმსაჯულებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზეზის გამო მიიღო, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების რესურსს ბოლომდე ამოწურულად არ მიიჩნევს.
"მართალია, სასამართლომ ამავდროულად დაადგინა, რომ საკმარისად არ იყო ამოწურული ის გზა, რომელიც მხარეებს უნდა გაევლოთ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მან ლეგიტიმაცია მისცა საქართველოს მოთხოვნას, რუსეთი ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონფლიქტში მონაწილე მხარედ ეღიარებინა", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა.
სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნულის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ სარჩელში საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა.
სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა. 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამტკიცებდა.