საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, მთავრობის პროგნოზით ინფლაციის მაჩვენებელი ერთნიშნა რიცხვზე ჩამოვა.
"ინფლაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მის მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, არის შიდა მიზეზები და ე. წ. იმპორტირებული ინფლაცია. სწორედ მსოფლიო ბაზრებზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია საქართველოში ფასების გაზრდა საკვებ პროდუქტებზე. ჩვენი პროგნოზით, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარი იქნება ნაკლებად ინფლაციური და ერთნიშნა რიცხვზე ჩამოვა მისი მაჩვენებელი", - განაცხადა გილაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გილაურის თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ფისკალური პოლიტიკისა და კორუფციის არარსებობის შედეგია.
"რუსეთში 3-წლიანი ინფლაცია დაფიქსირდა 34 პროცენტზე, უკრაინაში 49 პროცენტზე, ბელორუსიში 37 პროცენტზე, აზერბაიჯანში 31 პროცენტზე, სომხეთში 23 პროცენტზე და საქართველოში 21,9 პროცენტზე. ეს იმიტომ, რომ გვაქვს უფრო კარგი ფისკალური პოლიტიკა, გვაქვს ღია საზღვრები და არ გვაქვს კორუფცია, არ გვაქვს საბაჟო განაკვეთები, არ გვაქვს მონოპოლიები და პროტექციონიზმი", - დასძენს პრემიერი.