უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩავიდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაში 40-ზე მეტი პარტნიორი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებიც.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინის მთავარი პრიორიტეტები ცის დაცვის გაძლიერება, ენერგეტიკული და ფინანსური მხარდაჭერა, დიპლომატიური პროცესი და ომის დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომი ნაბიჯები იქნება.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში სრულფასოვანი იყოს და შეხვედრები შედეგიანი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
ზელენსკის განცხადებით, ასევე გაიმართება შეხვედრა ამერიკული მხარისა და ევროპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების მონაწილეობით.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებებში სრულფასოვნად იყოს ჩართული და გადაწყვეტილებები უკრაინის მონაწილეობით მიიღებოდეს.