ამიერკავკასიაში პირველად, აჭარა აუდიო გიდების გაქირავება იწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აჭარის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა სოფო ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ერთი დღის განმავლობაში ტურისტს აუდიო გიდის დაქირავება 10 ლარის ფარგლებში შეეძლება.
"აჭარის ტურისტული სააგენტო, აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს ახალ ტურისტულ პროდუქტს ვთავაზობთ, როგორიცაა აუდიო გიდები. ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისს კავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. ტურისტს შეუძლია მივიდეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და 10 ლარის ფარგლებში აპარატურა იქირაოს, სადაც ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა, სამ ენაზე. ამ აპარატურას თან მოყვენა სპეციალური ტურისტული რუკა (უფასოდ), რომელზედაც დატანილია ტურისტული ღირშესანიშნაობები, რომელიც არის დანომრილი. ვთქვათ # 5 არის ბათუმის ბულვარი, როდესაც ტურისტი მივა ბულვარში, ის აუდიო გიდში აკრეფს 5-იანს და ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე მიეწოდება ინფორმაცია უშუალოდ ბულვარისა და მისი ისტორიის შესახებ", - აცხადებს სოფო ნიკოლაიშვილი.
აჭარის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის აუდიო გიდების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა თუ მოთხოვნა იქნება მისი რაოდენობაც გაიზრდება.
"ამ დროისათვის აუდიო გიდის აპარატურა არის 20 ცალი და თუ სერვისი გაამართლებს და გაყიდვადი იქნება, მაშინ ტურისტული საგენტო უფრო მეტ აუდიო გიდს შეიძენს და უფრო მეტ ენებს ჩატვირთავს"- აცხადებს ნიკოლაიშვილია. მისი თქმით, ტურისტს აუდიო გიდის დაქირავება უფრო იაფი უჯდება ვიდრე ჩვეულებრივი გიდის დაქირავება. დღეისათვის მთელი დღის განმავლობაში გიდის დაქირავება 50 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც აუდიო გიდის ქირაობა ტურისტს 10 ლარი დაუჯდება.