"ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს, იმედი ჰქონდა, რომ ორ ქართველ მოზარდთან ერთად მას ოსური მხარის მიერ დაკავებულ საქართველოს 10 მოქალაქეს გაატანდნენ", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა საერთაშორისო წითელი ჯვრის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ ჟილ ხანსულთან გამართული შეხვედრისას.
"ამაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ცალმხრივი კომპრომისი არ არსებობს. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს მოგვცა და რომლებიც მათ მიერ ე. წ. გორის ტერაქტის შეთითხნილ საქმეში სამუდამოპატიმრობამისჯილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ეხება, ასვეე მარიკ დუდაევის გათავისუფლებას", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ოსურ მხარეს ასევე აუცილებლად მიაჩნია, რომ მუშაობას შეუდგეს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს შეისწავლის.
"ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მათ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციას მივაწვდით და დავეხმარებით მათ", _ განაცხადა ჩოჩიევმა.
თუმცა, ჩოჩიევის აზრით, საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით, იმიტომ, რომ "დანაშაული სწორედ საქართველოს ხელისუფლებისა მისი თანამდებობის პირების მიერაა ჩადენილი, ამიტომაც ისინი მათ სამუშაოს ყველანაირად ხელს შეუშლიან".