5 დეკემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" საქართველოში პირველი "კონფლიქტების გაშუქების სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი. ბრიფინგზე სიტყვით გამოვა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
კონფლიქტების გაშუქების სკოლის პირველი სპეციალიზებული კურსი 6-13 დეკემბერს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდება.
კონფლიქტების გაშუქების სკოლის გახსნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "ხიდების აგება/კავშირების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.
კონფლიქტების გაშუქების სკოლის პირველ კურსს კონფლიქტის თემაზე მომუშავე ექვსი სატელევიზიო ჯგუფი გაივლის.
სპეციალიზებული კურსი ჟურნალისტებს კონფლიქტების გაშუქებისთვის საჭირო ცოდნის შეძენასთან ერთად კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
ინტენსიური ტრენინგების ერთკვირიანი პროგრამა ისეა გაწერილი, რომ ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასალის მომზადების პარალელურად ჟურნალისტები ისწავლიან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვისა და ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს და სხვ. ჟურნალისტებთან იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც ტრეინინგის მონაწილეებს კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
სკოლის დაფუძნებას წინ უძღოდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ საომარი მოქმედებების კონფლიქტების გაშუქების თემაზე ორგანიზებული სემინარები, ასევე საბრძოლო მოქმედებების სიმულაციები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ამ ღონისძიებების მიზანი იყო ქვეყანაში კონფლიქტებზე მომუშავე ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესწავლა.