საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: თურქეთის მოქალაქეები ახმეტ გურსუ და გულალი ზეჰიროღლუ, საქართველოს მოქლაქეები თორნიკე გორგოშაძე, ჰამლეტ მიქელაძე, ნუგზარ ბეჟანიძე, რამინ, ნოდარ და თამარ თურმანიძეები.
გამოძიებით დადგენილია, რომ თორნიკე გორგოშაძემ თავის თანამზრახველებთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესთავაზა დახმარება საქართველო - თურქეთის საზღვრის მალულად გადაკვეთაში, რის სანაცვლოდან მისგან 3 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
აღნიშნული თანხის ნაწილის მიღების შემდეგ თ. გორგოშაძე დაუკავშირდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - თურქეთის მოქალაქეებს და მიგრანტის საზღვარზე არალეგალურად გადაყვანის გეგმა ერთობლივად შეიმუშავეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გეგმის განხორციელებაში ჩაერთვნენ ჯგუფის სხვა წევრები - ჰამლეტ მიქელაძე, რამინ და ნოდან თურმანიძეები. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ რ. და ნ. თურმანიძეების ბიძაშვილს - თამარ თურმანიძეს, რომელმაც დაჩქარებული წესით აიღო საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი, რომელიც მიგრანტს საზღვრის უკანონო გადალახვში დაეხმარებოდა. ბრალდებულებმა თამარ თურმანიძე წაიყვანეს სილამაზის სალონში, სადაც შეურჩიეს ისეთი თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი, რომ მაქსიმალურად დამსგავსებოდა მიგრანტს.
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, მიგრანტი ნუგზარ ბეჟანიძის მანქანის საბარგულში დაიმალა. მას ნეიტრალურ ზონაში საბარგულიდან მანქანის სალონში უნდა გადაენაცვლა. ამ პერიოდში თამარ თურმანიძეს თავისი პასპორტით უკვე გადალახული ჰქონდა სარფის სასაზღვრო კონტროლი. გეგმის მიხედვით იგი ნეიტრალურ ზონაში შეყოვნდებოდა, თავის პასპორტს გადასცემდა რამინ ბეჟანიძეს, რომელიც პასპორტს მიგრანტს მიაწოდებდა. შესაბამისად, მიგრანტი თურქეთის სახელმწიფო საზღვარს თამარ თურმანიძის პასპორტით უპრობლემოდ გადალახავდა.
თამარ თურმანიძე კი ნეიტრალური ზონიდან საქართველოს საზღვარზე დაბრუნებისას აპირებდა განეცხადებინა, რომ პასპორტი ნეიტრალურ ზონაში დაკარგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ნეიტრალურ ზონაში დააკავეს კიდეც.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.