ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი საერთაშორისო წითელი ჯვრის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ჟილ ხანსულს შეხვდა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერევანში დაინტერესებულ მხარეთა შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც ერევანში უნდა გაიმართოს და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხს უნდა მიეძღვნას.
ჩოჩიევის ინფორმაციით, მან ჟილ ხანსულთან შეხვედრაზე წითელი ჯვრის ქართული წარმომადგენლობის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა.
"ვუთხარი, რომ ისინი არ ასრულებენ მანდატს, რომელშიც შედის ჩვენი დაკავებულების მონახულება საქართველოს ციხეებში. დაკავებულების ახლობლების თხოვნაზე _ მოენახულებინათ ისინი და გაერკვიათ, რა პირობებში იმყოფებიან _ არავითარი პასუხი არ მიგვიღია", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ წითელმა ჯვარმა მას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ჰიგიენური საშუალებები გადასცა, "თუმცა როგორც ჩანს ამ ჰიგიენური საშუალებებით ისარგებლეს იმ ბანდიტებმა, რომლებსაც ისინი იქ ჰყავთ დატყვევებული".
"საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც განთავისუფლებული ხალხისგან გავიგე, რომ ისინი ქართულ ციხეში ერთი წლისა და ორი თვის ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ წაიყვანეს აბანოში", _ აცხადებს ჩოჩიევი.