ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პალესტინის ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
მოლაპარაკებისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჰამასს მანამ არ ცნობს, სანამ ეს ორგანიზაცია "ახლოამოსავლეთის კვარტეტის" პირობებს არ შეასრულებს. კერძოდ, ესაა ტერორიზმზე უარის თქმა, ისრაელის სახელმწიფოს აღიარება, პალესტინა-ისრაელის შეთანხმების აღიარება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ ჰამასის ხელმძღვანელებთან მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებები "მშვიდობიან პროცესს ასამარებს", პუტინმა განაცხადა: "ამ ადამიანებთან მოლაპარაკებების გამართვა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ_ საზიანოც".
შეგახსენებთ, ჰამასის დელეგაცია მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთგზის მიუღია, გასული წლის მაისში კი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დამასკოში პირადად შეხვდა ჰამასის პოლიტბიუროს წევრს ხალიდ მაშალს.
პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას პუტინი ჰამასის წარმომადგენლებთან შეხვედრისგან თავს იკავებდა. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე ამ ორგანიზაციასთან კონტაქტს არ აპროტესტებდა.