შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განცხადებით, 2000 წელს საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედიოდა, სადაც ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იყო.
როგორც მინისტრმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ოპოზიციონერი დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, მოგვიანებით, 2003-04 წლებში, ეს მდგომარეობა გაუარესდა და ქვეყანა ბოლო ადგილზე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში.
"განსაკუთრებით პრობლემატური იყო 0-იდან 1 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა, რადგან ხდებოდა მათი დაგვიანებით მკურნალობა. დღეისთვის მოვახერხეთ, რომ 2006, 07, 08 წლიდან მოვახერხეთ პრობლემების შემცირება", - აღნიშნა მინისტრმა.
ურუშაძის ინფორმაციით, 2004 წლიდან დედათა სიკვდილიანობა მცირდება. 2004 წელს გარდაიცვალა 21 ქალი, 2005 წელს - 11, 2006 - 11, 2007 - 10, 2008 - 8.
მინისტრის თქმით, 2009 წელს ჯანდაცვის სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან სიკვდილიანობის გაზრდა ვირუსულმა გრიპმაც გამოიწვია.
"მივეღეთ გადაწყვეტილება, რომ პროფესიული საბჭო ყველა ქალისა და ბავშვის სიკვდილის მიზეზს გამოიკვლევს", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად ხელისუფლების გეგმებით ინტერესდება.
დეპუტატმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები მოიყვანა და აღნიშნა, დედათა სიკვდილიანობით ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილზეა.