"ახალი მემარჯვენეები" მოუწოდებენ საპატრიარქოს, არ ჩაერთოს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც "ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ის ჯგუფია, რომელიც უზნეო პროპაგანდის წყალობით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით არაჯანსაღი პოლემიკის პროვოცირებას.
"სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის სახელით გუშინ კვლავ გავრცელდა შანტაჟის ელემენტებით გაჯერებული პროვოკაციული მიმართვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი.
ეს ის ჯგუფია, რომელიც უზნეო და უკულტურო პროპაგანდის წყალობით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით სრულიად არაჯანსაღი პოლემიკის პროვოცირებას.
შემაშფოთებელია, რომ ეკლესიის, როგორც მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაციის წყურვილით შეპყრობილი ეს დაჯგუფება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელისუფლებო წრეებთან. ამ ადამიანების მიზანს ამჯერადაც საზოგადოების გამოწვევა და საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის დამახასიათებელი ხელწერით გაჯერებული ნააზრევის ტირაჟირება წარმოადგენს. მდაბლად მოვუწოდებთ და უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურთ - არამც და არამც არ ჩაერთონ ამ სრულიად არაჯანსაღი განზრახვით წამოწყებულ კამპანიაში", _ ნათქვამია "ახალი მემარჯცვენეების განცხადებაში.
"ახალი მემარჯვენეები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ აყვნენ პროვოკაციას, რადგან ეს მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს მოსახლეობისთვის ფუნდამენტალისტური იარლიყის მიწებებასაც ისახავს მიზნად.
"მოვუწოდებთ საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს - ნუ ავყვებით ამ თავხედურ გამოწვევას, რადგან, გარდა საზოგადოებისთვის სრულიად უსარგებლო და ბინძური კამპანიის გაჩაღებისა, ფსევდოლიბერალების ეს მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს მოსახლეობისთვის ფუნდამენტალისტური იარლიყის მიწებებასაც ისახავს მიზნად", _ ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პატრიარქის მაღალ ავტორიტეტს, მემარჯვენეების განცხადებით, ის უკვე კარგა ხანია დროით გამოიცადა და მსგავსი გამოხდომები უწმინდესის ავტორიტეტს ოდნავაც ჩრდილს ვერ მიაყენებს.