აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის საქართველოს პასპორტის მიღების და დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურის გამარტივებას ითხოვს. ეს მოთხოვნა ბარამიამ დღეს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის სხდომაზე დააყენა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობისა და ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
გარდა ამისა, ბარამია იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც სკოლა სოხუმსა და გუდაუთაში დაამთავრეს და მიღებული აქვთ რუსული ატესტატი, სწავლის გაგრძელება თბილისში სურთ და ამას ვერ ახერხებენ.
ბარამიას თქმით, ასეთივე მგდომარეობაა სამედიცინო მიმართულებით, როცა არაერთმა აფხაზმა მკურნალობა საქართველოს კლინიკებში გაირა.
სწორედ ამიტომ იგი ითხოვს, რომ გამარტივდეს აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის საქართველოს პასპორტის მიღების და დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
ბარამია მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება იმ ეთნიკური აფხაზების რაოდენობა, რომელთაც აფხაზეთის დატოვება და საცხოვრებლად საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლა სურთ.