ბათუმი ქათქათა აღარაა, ბათუმი ფერადია, უფრო სწორედ ჭრელი. მართალია, თოლიები და ზღვა ჯერ არ შეუფერადებიათ, მაგრამ ფერთა გამას აშკარად ეტყობა რევოლუციური ხელისუფლების გემოვნების "კვალი". ამ "კვალს" თუ გავყვებით (არა მხოლოდ გემოვნების თვალსაზრისით) აღმოვაჩენთ, რომ ბათუმი ბულვარიდან იწყება და ბულვარზევე მთავრდება.
ყველაფრის "დამონტაჟება", მათ შორის მეხსიერებისაც, ამ ხელისუფლების ხელწერაა. მეც სწორედ მის კვალს დავადექი მისივე ხელწერის გათვალისწინებით და იმის იმედით, რომ ამ რეპორტაჟის კეთების დროს მაინც მომეჩვენებოდა, რომ "ცხოვრება მართლაც მშვენიერია", თუნდაც გაფერადებულ ბათუმში.
მცდელობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამაო აღმოჩნდა. ბრმა ნამდვილად არ ვარ, არც დალტონიკი, ის, რაც ანათებს და ათასფერად ბრჭყვინავს, შავ-თეთრ ფერში რომ დავინახო. არც ტემპერატურის ცვალებადობის შეგრძნებაა ჩემთვის უცხო, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს და თბილისის ხვატიდან გამოყოლილი სიცხის ზღვის ნოტიო ნიავით ჩანაცვლება უდავოდ მსიამოვნებს. ზღვის, მზის, თოლიებისა და პალმების "ხელთუქმნელ" პეიზაჟს ხომ საერთოდ სხვა განზომილებაში გადავყავარ, მაგრამ ემოციების, შეგრძნებების, მხედველობისა და ყნოსვის გარდა, მაქვს გონებაც, რომელიც მკარნახობს, რომ არსებულ რეალობაში, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის "ცხოვრება მშვენიერი" მხოლოდ ერთი წამით შეიძლება იყოს, მისი მარადიული შეგრძნებისთვის სახელმწიფო მოხელე თუ არა, სულ მცირე, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მაინც უნდა იყო.
***
ჩემი პირველი რესპოდენტი სამარშუტო ტაქსის მძღოლია. იმის გათვალისწინებით, რომ ექვს საათს მაინც უნდა მემგზავრა და როგორც წესი ყველაზე მეტ ინფორმაციას მძღოლები ფლობენ, წინა სალონში დავსკუპდი, მაგრამ თბილისიდან არ ვიყავით გასული, როცა ისეთი "საბედისწერო" შეცდომა მომივიდა, რომ ბათუმამდე ვეღარ გამოვასწორე. ვთქვი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მასაც ბათუმამდე ხმა არ ამოუღია. რასაკვირველია, გული არ გამიტეხია, რადგან ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს საკმაოდ გამოცდილმა პროფესორებმა მასწავლეს, რომ პასუხის არგაცემაც უკვე პასუხია. სწორედ ამ "თეორიის" გათვალისწინებით მივედი იმ აზრამდე, რომ შიში არა მარტო სიყვარულს, დუმილსაც "შეიქმს", და ბათუმშიც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, აუტკივარ თავს იოლად არავინ იტკიებს.
მოგვიანებით, როცა რამდენიმე გარემოვაჭრეს გავესაუბრე და იმ იმედით, რომ ნდობასა და სიმპათიას დავიმსახურებდი, სრულიად გამოუსადეგარი და უვარგისი ნივთებიც კი შევიძინე მათგან (დანესტილი მზესუმზირისა და ლამის თხევად მასად ქცეული საღეჭი რეზინის ჩათვლით) მივხვდი, რომ დუმილისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად, შიშის გარდა, საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი დამატებითი გარემოება, გულგრილობა, რომელიც, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოსთვის, არც ბათუმელებისთვისაა უცხო.
მოკლედ, ერთი ენაკვიმატი გურულის, ან საკუთარ ჭირ-ვარამზე გულწრფელად მოსაუბრე აჭარელის მოძებნა საკმაოდ გამიჭირდა. სამაგიეროდ, რამდენიმე "გაპიარებულ" და "გაუპიარებელ" სასტუმროს ვესტუმრე და ადმინისტრაცია ყველგან ამომწურავ ინფორმაციას მაწვდიდა იმაზედაც კი, რაც ნაკლებად მაინტერესებდა. უამრავი კერძო თუ ფეშენებელური სასტუმროს მიუხედავად, აჭარაში ჩაქვის "ოაზისს" კონკურენტი პარაქტიკულად არ ჰყავს. აქ, ე. წ. სტანდარტული ნომერი, რომელიც ორ კაცზეა გათვალისწინებული და სხვა უამრავ გასართობ საშუალებასთან ერთად ორჯერად კვებასაც ითვალისწინებს, აგვისტოში 160 ლარი ღირს, ლუქსი - 220, ოჯახური პაკეტი - 370, და ა.შ.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ამჟამინდელ პრეზიდენტზე სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერები სწორედ სასტუმრო "ოაზისშია" გადაღებული და არავინ იცის, მწარე გამოცდილების გამო თუ სხვა რამ მიზეზით, სააკაშვილი "ოაზისს" მას შემდეგ აღარც სტუმრობს და აღარც სწყალობს. სამაგიეროდ, იმავე "საფრთხის" წინაშე ახლა ამჟამინდელი ოპოზიციაა, რომელსაც თავისუფლად დასვენებისა და გადაადგილების შანსი არა მარტო სააკაშვილის მიერ კონტროლირებად საქართველოში, ევროპაშიც კი აღარ აქვს.
რადგან არ ვარ სარეკლამო აგენტი, მით უფრო არ ვარ "სახელმწიფოს მტერი", სასტუმროების ქსელზე საუბარს ნამდვილად არ გავაგრძელებდი, რომ არა ინტერესი _ მენახა ასე პომპეზურად გაპიარებული სასტუმრო "ჰაიტის" საძირკველი. სანახავად დიდი არაფერი აღმოჩნდა, არადა იქ ჩატარებულმა მთავრობის სხდომამ გაცილებით მეტი ეფექტი და ემოცია გამოიწვია. ყველაზე პარადოქსულად პრეზიდენტის ფრაზა "მტრები და ინვესტორები" ჟღერს, რადგან ბათუმში პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ "ჰაიატი", ისევე როგორც სხვა უამრავი ობიექტი ბათუმსა და სხვა დანარჩენ საქართველოში, სწორედ რუსული კაპიტალით შენდება და არა ავსტრიულით ან ყაზახურით.
ბათუმელებს, არც ისე მოკლე მეხსიერება აქვთ, რომ არ ახსოვდეთ, როგორ გაიყიდა ე. წ. "ბათუმის ცენტრალური სტადიონი" (სადაც დღეს "ჰაიატი" შენდება) უცხოური დასახელების კომპანიებზე, მაგრამ იმავე დღეს ყველამ იცოდა, რომ რეალური მყიდველი რუსეთის მოქალაქე, ლუჟკოვის მარჯვენა ხელი და სერგო ორჯონიკიძის შვილიშვილი, იოსებ ორჯონიკიზე იყო.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ "ჰაიეტის" გახსნაზე იმ დღეს წარმოთქმულ მეორე "ფრთიან" ფრაზას, იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება აშენებს სასტუმროებს, ხოლო ოპოზიცია - საკნებს... საკნებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმელებს და მის დამსვენებლებსაც კარგად ახსოვთ, როგორ ცხოვრებდნენ ღია ცის ქვეშ თვეების განმავლობაში სასტუმრო "მედეადან" გამოძევებული და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილები. სხვათა შორის, მათ საკნებიც სანატრელი ჰქონდათ. ასე რომ, პრეზიდენტის აზრით, თუ ბათუმი მხოლოდ იმიტომ ვითარდება, რომ აქ საკნები არ დგას, ამის მიზეზიც მხოლოდ ისაა, რომ დევნილებისთვის ხელისუფლებას მაშინ "ბრეზენტით" გადახურული საკნებიც არ გაუმეტებია, ისე დატოვა ღია ცისქვეშ, ღვთის ანაბარად...
რატომღაც სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა მოდური ხელისუფლებისთვის დევნილებზე ზრუნვა. ეს მოდური პოლიტიკა იმდენად თვალშისაცემია, რომ დაბა ჩაქვის მოსახლეობა ვერაფრით ხსნის, რატომ "გააკულაკეს" #1 საშუალო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, რატომ ჩამოართვეს მათ ისტორიული სკოლის შენობა უნიკალური ეზოთი, რატომ "შეაკედლეს" ისინი კილომეტრობით დაშორებულ რუსულ სკოლას და უკვე ყოფილი სკოლის შენობაში რატომ ასახლებენ 16 წლის წინ აფხაზეთიდან აჭარაში ჩამოსახლებულ დევნილებს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ რომელიღაც ევროპელმა დონორმა დევნილებისთვის თანხა მისცა საქართველოს ხელისუფლებას, მათ კი არც მეტი, არც ნაკლები, ჩაქვის მოქმედ და "სიცოცხლით აღსავსე" სკოლის შენობას დაადგეს თვალი...
უკანასკნელი "სიახლე" აჭარისთვის ხოფის ბაზრობა გახდა. ჯერ იყო და ერთმანეთის მიყოლებითა და აპრობირებული ბრალდებებით დააპატიმრეს ბაზრობის მეპატრონეთა ერთი ნაწილი, მერე კი "თავისუფლებაზე დარჩენილი" მეპარტონეები მოვაჭრეებთან ერთად პოლიციის ძალით გამოყარეს ბაზრობის ტერიტორიიდან. საპროტესტო აქცია, რასაკვირველია შედგა, მაგრამ უშედეგოდ.
როგორც ამბობენ, ამას ორი მყარი არგუმენტი აქვს: პირველი და უმთავრესი, როგორც ყოველთვის, ისაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ხელისუფლება გასაყიდად ამზადებს, სადაც თურქული კომპანია საცხოვრებელ კომპლექსის აშენებას აპირებს; მეორე მიზეზი ასევე ხელისუფლების ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება: "ხოფისა" და "ქემელფაშას" ბაზრობებს კონკურენტი გამოუჩნდა, გონიოში, 6000კვ. მეტრზე შენდება ახალი ბაზრობა, რომელსაც ოფიციალურად დეკლარირებული თურქული კომპანია კი არა, როგორც ამბობენ - არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს და აჭარის ხელისუფლებების პირველი პირების ოჯახის წევრები "გააკონტროლებენ".
მოკლედ აჭარაში, აჭარელებისთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ადრე აქაურობა აბაშიძეებისა და გოგიტიძეების იყო, ახლა პრეზიდენტის, ვაშალომიძეებისა და "ნაციონალებისაა". ადრე თუ "კოიკა" 5 ლარი ღირდა, მაშინ კოღოების საწინააღმდეგო მოწყობილობაც იაფი ღირდა; ახლა "კოიკა" 10 ლარი კი ღირს, მაგრამ "კარტოფილიც გაძვირდა". ამას შარშან ომის გამო ჩავარდნილი სეზონის ზარალი და წლევანდელი მსოფლიო კრიზისიც დაემატა და გაჭახჭახებულ-გაბრდღვიალებულ ბათუმში მაინც "სანთლით საძებნელია" სახეგანათებული ადამიანის ნახვა.
P. S. ვზივარ ბულვარის ღია კაფეში, "პარტნიორობას" ზღვა და მზე მიწევენ. ვსვამ ბათუმურ უშაქრო ყავას, ვათვალიერებ გაზეთ "ბათუმელებს" და ვფიქრობ: "უძინართა მზის" ერთი პერსონაჟისა არ იყოს, "ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?!" აი, ამ გაზეთში შავით თეთრზე წერია, რომ ბათუმი ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში იყო აღნიშნული ევროპულ რუკებზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი. მემატიანე წერს, რომ "ბათუმში ღუზას უშვებდნენ გენუელი, ვენეციელი, პიზელი სოვდაგრების გემები, შემოჰქონდათ და გაჰქონდათ სხავადასხვა საქონელი, ქალაქში კი მრავლად ცხოვრობდნენ იტალიელი ვაჭრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან საკმაოდ ახლო კონტაქტში იყვნენ".
ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ რატომ უნდა გვიკვირდეს, მით უფრო გვიხაროდეს (როგორც ამას ხელისუფლება "გვაძალებს"), რომ 21-ე საუკუნეში თურქები ბაზრებს, რუსები სასტუმროებს, ქართველები კი ვირტუალურ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ აჭარაში?!
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი