მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი, ბრაზილიელი ფეხბურთელი რაი საკუთარ ოფიციალურ საიტზე გროზნოში გამართული ამხანაგური მატჩის შესახებ იხსენებს.
რაის თქმით, თამაშს პოპულისტური ხასიათი ჰქონდა. ფეხბურთელი ჩეჩნეთში გამგზავრებასთან დაკავშირებულ თავის გადაწყვეტილებას სულელურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ამასთან, რაი აღნიშნავს, რომ მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და მომავალში უფრო ფხიზელი იქნება.
რაის თქმით, გროზნოში გამგზავრება მას აგენტმა შესთავაზა და ფეხბურთელიც, საკუთარი გაუფრთხილებლობის გამო, მის წინადადებას დასთანხმდა. მოთამაშემ განმარტა, რომ მისი თანხმობა ფინანსური დაინტერესებით არ აიხსნება, რადგან ჩეჩნეთში გამართული მატჩის გამო მას მნიშვნელოვანი თანხა არ მიუღია.
რაიმ განაცადა, რომ გაუხარდა, როცა ბრაზილიის ნაკრების ძველ მეგობრებს შეხვდა, გროზნოს აეროპორტში კი მას თბილი მიღება დაახვედრეს.
მოგვიანებით ფეხბურთელებმა ქალაქში გაისეირნეს, სადაც ბრაზილიელი ვეტერანის შეფასებით, "საომარი კლიმატი" იგრძნობოდა. რაის თქმით, ჩეჩნეთის დედაქალაქში ხელისუფლების უზარმაზარი ფოტოებია ჩამოკიდებული, გროზნოს ქუჩებში კი ძალიან ცოტა ადამიანი გადის.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მას არაერთხელ სმენია.
რაც შეეხება უშუალოსდ საფეხბურთო მატჩს, რაიმ განმარტა, რომ მას მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აცნობეს მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ. ამასთან, სთხოვეს, მთელი ძალით არ ეთამაშა.
ფეხბურთელის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კადიროვის გუნდში რუდ გულიტი და ლოთარ მათეუსი თამაშობდნენ, ამ გუნდმა ბრაზილიელთა დონეზე მაინც ვერ ითამაშა. რაიმ აღნიშნა, რომ კადიროვის გუნდში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომელთაც ფეხბურთი პროფესიულად არასდროს ეთამაშათ.
რაიმ განმარტა, რომ ამიერიდან იგი უფრო ფხიზლად მიადევნებს თვალს რუსეთსა და ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას, რადგან გროზნოში მგზავრობა მისთვის "მნიშვნელოვანი გამოცდილებაა".
შეგახსენებთ, ბრაზილიის ვეტერანებთან კადიროვის გუნდის მატჩი გროზნოში მიმდინარე წლის 8 მარტს შედგა. ბრაზილიელებმა 6:4 მოიგეს, კადიროვმა კი ამ შეხვედრის დროს ორი გოლი გაიტანა და პენალტი ორჯერ ააცდინა.
ჩეჩნეთის მეთაური აცხადებდა, რომ ბრაზილიელები ჩეჩენი ხალხის საპატივსაცემოდ, უფასოდ თამაშობდნენ.
ცნობისთვის, 1990-იან წლებში რაი ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა.