საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-სატრანზიტო ფუნქცია აქვს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სწორედ ეს ფაქტორი აინტერესებთ საერთაშორისო გადამზიდავებს.
"2010 წელს სატვირთო გადაზიდვებმა და სამგზავრო გადაყვანებმა მოიმატა. სამოქალაქო ავიაციის დარგში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის: პოლონური "ლოტი" და თურქული "პეგასუსი". აღსანიშნავია, რომ "პეგასუსი" კვირაში 21 რეის ახორციელებს"- აცხადებს ვერა ქობალია. მინისტრის თქმით, საჯარო გადაზიდვების კიდე უფრო გააქტიურებისათვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განახლებაც მნიშვნელოვანია.
"ახალი აეროპორტების მშენებლობა, კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია ტურიზმისა და გადაზიდვების განვითარებასთან ერთად, ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასაც ნიშნავს"- აცხადებს ვერა ქობალია.
მინისტრის თქმით, 2010 წელს 2009 წელთან შედარებით, ტვირთების გადაზიდვა 7 %-ით გაიზარდა, სარკინიგზო გადაზიდვები გაიზარდა 16 %-ით, ხოლო საჰაერო გადაზიდვები 21 %-ით გაიზარდა.