აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა, დაახლოებით საათ-ნახევრიანი სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადება არ გააკეთეს. პუტინმა სამიტის ჩატარების ადგილი დატოვა, სი ძინპინმა კი ის ავტომობილამდე მიაცილა.
ამასთან, მოლაპარაკებების შემდეგ სამშვიდობო დეკლარაცია გამოქვეყნდა. როგორც The Guardian წერს, დოკუმენტში საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებასა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, თუმცა უკრაინა და ევროპა მასში საერთოდ არ არის ნახსენები.
საგარეო პოლიტიკის შესახებ დეკლარაციის ნაწილში მხოლოდ ერთი ზოგადი დებულებაა მოცემული: „სამი ქვეყნის ლიდერებმა საერთაშორისო ვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.
დოკუმენტში სამივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს.
საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართულებით სამმა ქვეყანამ გაერო-ს რეფორმირების მზადყოფნა გამოთქვა, რათა ორგანიზაციამ გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად შეძლოს რეაგირება. ამასთან, დეკლარაციაში მათ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC) გააკრიტიკეს. ლიდერებმა სახელმწიფო თანამდებობის პირების იმუნიტეტების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და განაცხადეს, რომ ICC-მა და მსგავსმა სტრუქტურებმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.
ენერგეტიკის სფეროში რუსეთი, აშშ და ჩინეთი ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას, ასევე ენერგომომარაგების გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას გეგმავენ.
ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით მხარეებმა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის განზრახვა დაადასტურეს.
ცნობისათვის, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს. მან ასევე მოუწოდა სამ დიდ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთონ ბირთვული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, დაიცვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება (NPT) და უზრუნველყონ გლობალური სტრატეგიული წონასწორობა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა გამოსვლისას უკრაინის საკითხზეც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ამ თემაზე ვლადიმირ პუტინთან „ძალიან დიდხანს“ ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში ომის დასრულება შესაძლოა უკვე ახლო მომავალში მოხდეს.