"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 6,4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო უფრო სწრაფად დაუბრუნდა განვითარების გზას", _ აღნიშნა საქართველოს პარლამენტში სამთავრობო დებატებზე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვით კრიზისის განმავლობაში, 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის 4 %-იანი ვარდნა მასშტაბური არ ყოფილა და მას ფუნდამენტალური პრობლემები არ მოჰყოლია.
ამის ძირითად მიზეზად ბაინდურაშვილი ფისკალურ სტიმულირებას ასახელებს.
"ამის მიზეზია არაპირდაპირი ფისკალური სტიმულირება, რომლის განხორციელების საშუალებაც მოგვეცა 4,5 მილარდი აშშ. დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის მიღების შემდეგ", - განაცხადა მან.
ბაინდურაშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის 2011 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-დან 6,5_6,7%-მდე მერყეობს. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პროგნოზი 2011 წლის ეკონომიკური ზრდისათვის კი 4,5%-ია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო დებატებზე იმყოფებიან.