პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, ის, რომ შარშან 6,4 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმის დამსახურებაა.
"2010 წელს ეკონომიკა გაიზარდა 6,4 %-ით. ამის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ტურიზმი. საქართველოში 41 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2009 წელს. ამან გამოიწვია პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა რესტორნებში, კაფეებში ადამიანების დასაქმება", - განაცხადა გილაურმა პარლამენტში, სამთავრობო დებატებისას სიტყვით გამოსვლისას.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა ბათუმის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში ამჟამად 5 სასტუმრო მუშაობს, სადაც საერთო ჯამში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.
"ბათუმში ახლა შენდება 5 უზარმაზარი სასტუმროს კომპლექსი, მათ შორის ისეთი სასტუმროები, როგორებიცაა "რედისონი", "კემპინსკი", "ჰილტონი" და ა.შ. (არ მაქვს ლაპარაკი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებზე, რომლებიც ათობით შენდება როგორც აჭარაში, ისე ანაკლიაში, მესტიაში და სხვა რაიონებში). თითოეული ასეთი სასტუმრო - მინიმუმ 400 ადამიანს ასაქმებს", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი პარლამენტში ქვეყნის განვითარების კონკრეტული სტრატეგიული გეგმით მივიდა.