საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყანას დღეს ძალიან რთული პერიოდი უდგას.
"დღეს ქვეყანა დალხენილი ნამვილად არაა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპარეზზე. ბევრ მოქალაქეს უჭირს და მთავარი ამოცანები გადაჭრილი ჯერ კიდევ არაა - ვერ მივაღწიეთ ხალხის დასაქმების სასურველ შედეგს, ეროვნული წარმოება ჯერჯერობით არ ვითარდება ისეთი ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა და ესაჭიროება ხალხს. მაღალი ინფლაციის გამო ცხოვრება უფრო ძნელი გახდა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გარკვეულწილად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისითაა განპირობებული, რის დასაძლევადაც საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
"მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ფასების ზრდა, არეულობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის ფასებს განსაზღვრავენ, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება. ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი ეკონომიკის სერიოზული წინასვლა კი არა, ეკონომიკის შენარჩუნება იყო, არსებული სამუშაო ადგილების და არსებული ინვესტორების შენარჩუნება. ჩვენი მიზანი იყო ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო, როგორც ეს ჩამოიშალა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენი მიზანი იყო, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოშლოდა საქართველოს, როგორც ეს რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, მიზანი იყო, რომ ივესტიციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში შემცირდა, განხორციელებულიყო საქართველოში და სახელმწიფო გამოსულიყო ერთ-ერთ ინვესტორად და მასტიმულირებელ ორგანოდ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გვქონოდა, რადგან არც ერთ ქვეყანას პრობლემა არ შეექმნა ელექტროენეგიის მომარაგების დარგში. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დევნილები არ აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში უსახლ-კაროდ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩევნი ამოცანა იყო, რომ მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, ჯანდაცვის სერქტორში მაინც გაგრძელებულიყო ზრდა და შესრულებულიყო ის პროექტები, რომლებიც შემუშავებული იყო", - განმარტა გილაურმა.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. პრემიერი დეპუტატებთან ქვეყნის განვითარების კონკრეტული სტრატეგიული გეგმით მივიდა.