ხვალ, 22 მარტს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 26-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე აფხაზი სეპარატისტები შეხვედრის მონაწილე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის მერაბ ყოლბაიას ე. წ. გატაცების ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ყველა მხარე დაინტერესებულია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გაგრძელებით. ამ შეხვედრებს "მინიჟენევას" ვუწოდებ. გალის შეხვედრები სასარგებლო მექანიზმია. აფხაზური მხარე მხარს უჭერს მოლაპარაკებათა გაგრძელებას, რომელთა მთავარი მიზანი საქარველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა", _ განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ტერორისტი მერაბ ყოლბაია აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს ციხეები, სადაც აფხაზეთის ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის მცხოვრებს, მერაბ ყოლბაიას, ზედმეტსახელად "კოჭოს", საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა ედება ბრალად. ქართული მხარე აცხადებს, რომ
ვიდრე საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ქართული მხარე ყოლბაიას გადაცემას აფხაზური ან რუსული მხარისთვის არ აპირებს.