საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა. კომპანია "ბერტა" საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების პირველი და უდიდესი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში.
"დღეს უახლოესი ტექნოლოგიების მქონე "ევროპული" საწარმო დავათვალიერეთ. როდესაც ეკონომიკის ზრდაზე, ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ - ამას ვგულისხმობთ. რატომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება და ეკონომიკის ზრდა? ამ საწარმომ დაგვანახა, რომ ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს აქ უკვე 250 კაცი მუშაობს. მათი უმრავლესობა აქამდე უმუშევარი იყო. როდესაც თავისი წარმოების პიკს მიაღწევს, ეს საწარმო დაასაქმებს 500-მდე კაცს. ამდენივე სადისტრიბუციო კომპანიებში არის დასაქმებული და ამ (საწარმოს) პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს მთელ საქართველოში. საწარმო არა მარტო საქართველოში გაყიდის პროდუქციას, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ექსპორტიორი იქნება აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. ესპანეთთან და დუბაისთან აქვთ მოლაპარაკებები. მომავალში ჩვენი იმპორტ-ექსპორტის დამაბალანსებელი შეიძლება იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გილაურმა.