სეპარატისტულ აფხაზეთში პრესასა და საზოგადოებაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ე.წ. ხელისუფლების კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომაზე შეთანხმების პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობას მოითხოვს.
"პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალერი კვარჩიამ უარი განაცხადა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ელემენტარული ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში კომენტარზე უარის თქმა ფაქტის დადასტურების ტოლფასია. რადგან იმ შემთხვევაში თუ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა, მას არაფერი, არც სხვათაშორის სამსახირებრივი ეთიკა ხელს არ შეუშლიდა უარეყო ეს ინფორმაცია", - წერს აფხაზეთის ერთ ერთი ოპზიციური გამოცემა.
ამასთან ერთად, კერძო საუბრებიდან ასევე ირკვევა, რომ თავად რუსეთის ელჩმა აფხაზეთში დოკუმენტის ხელმოწერამდე მოითხოვა დაებლოკათ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სადემარკაციო საქმეებს შეეხება,
მავანნი დეფაქტო პრეზიდენტის სიტყვებს იმოწმებენ, თითქოს ბაღაფშმა განაცხადა, რომ - "გავწვები, გადავდგები, მაგრამ ამ დოკუმენტის გათრევას არ დავუშვებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი მთელს თავის მთიან ტერიტორიის ნაწილს კარგავს", _ წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს - "160 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია რუსეთისათვის ძალიან მცირეა, აფხაზეთისათვის კი - არა".
"როგორც ქართულ-აფხაზური ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა აღნიშნა ეს არის ზემო და ქვემო ეშერის ტერიტორია, რომლის აღმოსავლეთით, ომის დროს მთავარი საცეცხლე ზღვარი გადიოდა", - წერს მედია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე თვის ბოლოს ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის სამუშაოს საკითხებს განიხილავს".
კომისია მუშაობას 28 მარტს დაიწყებს და 1 აპრილს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია.