რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სათათბირო შვებულებიდან გამოიძახა და კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. საკანონმდებლო ორგანომ კენჭი იმ ინიციატივას უნდა უყაროს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას რუსეთის ფარგლებს გარეთ ჯარის გამოყენების უფლებას, სათათბიროს თანხმობის გარეშე მისცემს.
მედვედევის ინიციატივას საქართველოში არ გამოხმაურებიან. აქ პრესკონფერენცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ გამართა და განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში შეირაღების შემოტანას არ აპირებს; რომ ამერიკა მხოლოდ იმ ბატალიონს გაწვრთნის, რომელიც მხოლოდ ავღანეთში იბრძოლებს; რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ხალხს და დემოკრატიას და არა რომელიმე კონკრეტულ პერსონას. ყველა მესიჯი, რომელზედაც ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა, რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ურთიერთობები თვალშისაცემად დაიძაბა. საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის სამხედრო ტექნიკის რაოდენობაც.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოურ პრესას ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ _ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეა მოკვდა. მოგვიანებით პრეზიდენტი მოსახლეობასაც შეხვდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს მიმართ სათანადო მხარდაჭერას არ ავლენენ. ამ ორი სტრატეგიული მესიჯის შემდეგ, სააკაშვილმა ოპოზიციის უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრების და ძალოვან მინისტრებთან შეხვდრის გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ უფრო ადრე, საქართველო გაეროსა და ეუთოს მისიებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. შეიცვალა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დროც. არჩევნები, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე დაიგეგმა.
თუმცა, საქართველოში მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, დიმიტრი მედვედევმა დაძაბულობის აქცენტი უკრაინისკენ გადაიტანა და უკრაინელ კოლეგას კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საშულებით მიმართა. მიმართვის შინაარსი ასეთია: არა მხოლოდ ვიქტორ იუშენკო, არამედ მთელი უკრაინის ხელისუფლება ანტირუსულ კურსს ატარებს; რომ რუსეთის ახალი ელჩის კიევში ჩასვლა ამიტომ გადადო; რომ ქართველებმა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის და რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობები უკრაინელებისგან ნაყიდი იარაღით შეძლეს; რომ საქართველოს უკრაინა იარაღს ახლაც აწვდის; ამიტომ "პასუხისმგებლობა იმაზე, რაც თბილისმა ცხინვალში ჩაიდინა, უკრაინასაც ეკისრება~, _ აცხადებს მედვედევი.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პოზიციის ლოგიკურ გაგრძელებად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საქმიანობის გართულებას მიიჩნევს.
რუსეთის ხელისუფლება თავისი სტრატეგიული ინტერესების დაცვას აგრძელებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროების შესუსტებაზე მწვავედ რეაგირებს. ამ ინტერესების დაცვის მიზნით, რუსეთის ხელისუფლება ყველანაირ მზადყოფნას აცხადებს. დიმიტრიMმედვედევის გადაწყვეტილება _ რუსეთის ჯარს სხვის ქვეყანაში გადაადგილების უფლება მისცეს _ ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. დღეს მისი ქვეყნის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზედაც დგას. თუმცა მის პოლიტიკურ ინტერესებში დანარჩენ საქართველოში შესვლაც შედის.
რუსეთის ხელისუფლების ინიციატივებზე საქართველოს ხელისუფლება შეფასებებით რეაგირებს და აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკოსები შანტაჟს აგრძელებენ. რუსული შანტაჟის საბოლოო შდეგები, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ალღო და ისიც, თუ ვინ ვის რას დაუთმობს და ვინ ვის რაზე გაურიგდება, აგვისტოს ბოლომდე გამოჩნდება.
სოფო აბრამიშვილი