"ევრონიუსის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიბიის ლიდერის ვაჟმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ კადაფის ხელისუფლება ოპოზიციაზე შურისძიებას არ აპირებს.
"უპირველესად, ისინი ყველანი გაიქცნენ. საზღვარზე მთელი ჯგუფი შეიკრიბა, რომლებსაც ეგვიპტეში გადასვლა სურთ. არმიასა და ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ, დაე, წავიდნენ ეს მოღალატეები, ეს გამყიდველები. მათ თავისუფალ გზას მივცემთ. დაე, წავიდნენ ისინი, რომლებიც აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან ან საფრანგეთთან იყვნენ კავშირში, რომლებიც ბრიტანული ძალების, ამერიკული არმიის, ნატოს ძალების ჩარევას ითხოვდნენ",_აღნიშნა საიფ ალ-ისლამმა.
კადაფის ვაჟის თქმით, კადაფის ხელისუფლებას ოპოზიციონრების მოკვლა არ სურს.
"შურისძიებას არ ვაპირებთ. მათ ვეუბნებით: თქვენ მოღალატეები და დაქირავებულები ხართ, თქვენ ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეთ, ახლა კი კეთილი გზით იარეთ",_განაცხადა საიფ ალ-ისლამმა.
მისი თქმით, ლიბიაში საომარი მოქმედებები შეწყვეტილია და ორი დღის შემდეგ ყველაფერი დასრულდება.
"ჩვენი ძალები უახლოეს ხანში შევლენ ბენგაზში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გაერომ, ძალიან დაგვიანებული იქნება",_აღნიშნა კადაფის ვაჟმა.