"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და ეს პოლიტიკურმა რვიანმაც იცის.
"არავის სჯერა, მათ შორის - არც მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე პროცესი რაიმეთი დამთავრდება. ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს, რომ ამ ვითარებაში არჩევნებს აზრი არ აქვს", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბურჯანაძის შეფასებით ის საინტერესო იყო.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, აუდრონიუს აჟუბალისისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. მას მანანა ნაჭყებიას გარდა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი და "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე ესწრებოდნენ.