იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი ნინო ანანიაშვილი იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა. ორდენი ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც ხელოვნებისა და კულტურის, მეცნიერებისა და სოციალურ სფეროში მოღვაწეობისას ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლირებაში. თქვენი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი კარიერა და თქვენი დაუღალავი შრომა, როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წინამძღოლისა, - ნათქვამია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის, მისი აღმატებულება ვიტორიო სანდალის წერილში ნინო ანანიაშვილისადმი, იტალიელი ხალხის აღტაცებას იწვევს. ამ ყველაფერს უდიდესი წვლილი შეაქვს იტალიელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში, აერთიანებთ მათ და აძლიერებს მათ შორის არსებულ კავშირებს.
ნინო ანანიაშვილის დაჯილდოების ცერემონიალი 16 მარტს თბილისში ევროპის სახლში 18.00 საათზე გაიმართება.