აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე დღეს უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრეს.
არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს.
გზების დეპარტამენტის უფროსმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
რამდენიმე სოფელში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა. დიდთოვლობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეფერხებული იყო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.
მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად "ქრისტიან-დემოკრატებმა" აჭარის სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციები მისცეს: გადაიხედოს ბიუჯეტის პრიორიტეტები, შეიცვალოს მოძველებული და მცირე გამავლობის ტექნიკა, ხელი შეეწყოს სპეცტექნიკის დროულად მობილიზებას შეიქმნას სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების კოორდინირებული მუშაობის ეფექტური სისტემა, დროულად და მიყენებული ზარალის ადეკვატურად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, მეწყერული მოვლენების თავიდან ასაცილებლად გატარდეს პრევენციული ზომები.
"ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, აჭარაში არსებულ ყველა გზის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ადგილობრივი მთავრობა, რადგან ცენტრალურ უწყებებზე დაქვემდებარება გაუგებრობას და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას იწვევს.
დღესვე "ქრისტიან დემოკრატებმა" სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისგან ინფორმაციის დროული და ობიექტური მოწოდება მოითხოვეს.