"შეფიცულებთან მიმართებით "მხედრიონთან" ასოციაცია არავის გასჩენია. ხელისუფლების სურვილია, გაჩნდეს ისეთი ასოციაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს. არანაირი ასოციაცია აქ არ შეიძლება იყოს, გარდა პოზიტიურის, გარდა სამართლიანობისთვის ბრძოლის, გარდა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის. შეფიცულთა შემადგენლობით სახალხო კრების ძალიან სერიოზული ორგანო შეიქმნა, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის იქნება დასაყრდენი, ვის მიმართაც ხელისუფლება უსამართლო ნაბიჯის გადადგმას გაბედავს,"_აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ჭადრაკის სასახლეში მყოფი შეფიცულები იმ ათასობით და ასიათასობით ადამიანის ნაწილი არიან, რომლებიც საქართველოში უსამართლობას ვერ შეეგუებიან და სურს, ღირსეულ, სამართლიან და ერთიან საქართველოში ცხოვრება.
ნინო ბურჯანაძის თქმით, შეფიცულები ერთმანეთის გვერდში დგომით დაიცავენ მოქალაქეებს. "როდესაც ერთ უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს 10, 50, 100 მეზობელი, მეგობარი ან თუნდაც უცნობი ადამიანი დაუდგება გვერდით, მას ვერავინ მოერევა. უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება ცარიელი ხელებით, მაგრამ სამართლიანობით აღსავსე სულით. ასობით ადამიანი დადგება ნებისმიერ უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის გვერდით და ვნახოთ ერთი, ხელისუფლება რას გაბედავს",_აღნიშნა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება უშუალო პასუხისმგებლობას, რომ შეფიცულთა რაზმის რომელიმე წევრმა სიმართლის სახელით, უკანონო ქმედება არ ჩაიდონოს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ იგი, სახალხო კრებასთან ერთად, ამ ადამიანების საქციელზე პასუხისმგებელია.
"განა ხელისუფლება აგებს პასუხს ყველა პოლიციელზე, რომ იგი კანონის ფარგლებში მოქმედებს? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. არა მარტო ხელმძღვანელობა და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თაოსნები, არამედ თითოეული ადამიანი, რომელმაც აქ ფიცი დადო, კანონისა და სამართლიანობის პრინციპით იმოქმედებს,"_განმარტა ბურჯანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ შეფიცულთა ინსტიტუტი "სახალხო პატრულის" მსგავსი იქნება, რომელიც 9 აპრილის აქციების დროს მოქმედებდა. თუმცა, ბურჯანაძის აზრით, "სახალხო პატრულმა" მაშინ ბოლომდე ვერ შეასრულა მისია.
"სამართლიანობასთან ბრძოლა შეიძლება ქუჩაშიც, შენობაშიც, ერთ ოთახშიც. როცა სიმართლისთვის იბრძვი, შენ მართალი ხარ",_მიიჩნევს ბურჯანაძე.
მისი თქმით, შეფიცულთა ამოცნობა ადვილი იქნება. მათ სამკერდე ნიშანი და მოწმობები დაურიგდებათ.
შეგახსენებთ, დღეს ჭადრაკის სასახლეში "სახალხო კრების" სპეციალური ორგანოს_ შეფიცულთა რაზმის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შეფიცულებთან დაკავშირება და მათგან დახმარების თხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს ცხელი ხაზის მეშვეობით შეეძლება. შეფიცულები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებენ და მოსახლეობას უსამართლობისგან დაიცავენ.