"ქონების ლეგალიზების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, თბილისში 2007 წლის 1-ელ იანვრამდე კანონდარღვევით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების ლეგალიზაცია იწყება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ლაშა თორდიას განმარტებით, პირებს, რომლებსაც 2007 წლის 1-ელ იანვარამდე კანონდარღვევით შედგენილ დოკუმენტებით (მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) აქვთ შეძენილი დედაქალაქში სასოფლო-სამეურნეო მიწები, შეუძლიათ ლეგალიზაცია მოახდინონ.
ლეგალიზაციის განმახორციელებელ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, თუმცა პირს კანონდარღვევით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრში 15 ლარის გადახდა მოუწევთ.
პირებზე, ვინც ლეგალიზაციას მოახდენენ, სისხლისსამართლებრივი დევნა აღარ დაიწყება, ხოლო თუ დაწყებულია, ასეთ შემთხვევაში დევნა შეწყდება.
აღნიშნული კანონი პილოტური წესით პირველ ეტაპზე დედაქალაქში 2011 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედება, ხოლო 2013 წლის 1-ელ იანვრამდე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაევალება, კანონის ამოქმედება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც უზრუნველყოს.