საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით, რომ ხანძარი არ წარმოიშვას და თუ მაინც გაჩნდება, შესწევს საკმარისი ძალა ცეცხლის ჩასაქრობად. ამის შესახებ რატი სამყურაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
"მინდა გამოვეხმაურო ერთ საოცარ პრეტენზიას ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ხელისუფლება მოქმედებს ადეკვატურად, იმის შესაბამისად, რომ საქართველოში იზრდება ფასები და ცდილობს ჩააქროს ხანძარი. ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ვითარების ადეკვატურად და ამაში რა არის საოცარი და მით უმეტეს სასაყვედურო, ძნელი სათქმელია", - აღნიშნა დეპუტატმა.
სამყურაშვილის თქმით, ხელისუფლება გაჭირვების პერიოდში ცდილობს, ინექციური მეთოდებით, იქნება ეს გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი პროექტები, საზოგადოებას მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვეფხვაძემ საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდო მეხანძრის პრინციპით მოქმედებაში. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედბას, როდესაც ხანძარი ჩნდება, თუმცა მისი ჩაქრობის უნარიც არ შესწევს.