1992-94 წლების ომის დასრულებისა და ზავის დასადგურების შემდეგ მთიან ყარაბახთან მიმართებით ტერმინ "გაყინული კონფლიქტის" გამოყენება მხოლოდ დღესდღეობით ჟღერს არასათანადოდ. სასაზღვრო ტერიტორიაზე შეტაკებების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ახალი ომის აჩრდილი წარმოსახა. ამის შესახებ "ლე ფიგაროს" კორესპონდენტი პიერ ავრილი იტყობინება.
"ყარაბახი, რომლის ხელისუფლებასაც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს, სომხური პროტექტორატის ქვეშ იმყოფება. საფრანგეთში ჩასულ მის პრეზიდენტ ბაკო სააკიანს კი პარიზთან ოფიციალურ კონტაქტზე უარი უთხრეს. ბაქომ, რომელიც ამ ტერიტორიას აზერბაიჯანისგან განუყოფელ ნაწილად ჯერ კიდევ მიიჩნევს, სულ ახლახანს განაცხადა, რომ ძალით აპირებს ყარაბახის დაბრუნებას. ვირტუალური საზღვრის ორივე მხარეს საომარი რიტორიკა ჭარბობს, რომელსაც იარაღის ჟღარუნი ახლავს",_წერს პიერ ავრილი.
მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფს, რომელიც შუამავლის მისიას ასრულებს (მის შემადგებლობაში შედიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ), პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ ძალუძს.
საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის დირექტორ რიჩარდ გირაგოსიანის აზრით, 2012 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო სცენარი იქნება ფრონტის ხაზზე "შემთხვევითი" შეტაკების გადაზრდა საყოველთაო ომში, რაც კატასტროფულ შედეგს მოიტანს. შესაძლოა, კონფლიქტში ჩაერთოს ირანი და თურქეთი, რუსეთს კი კავკასიაში აფეთქება აღელვებს.
"მოსკოვი, რომელიც ბაქოსა და ერევანთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნებას თანაბრად ცდილობს, დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს, რათა საბჭოთა პერიოდში არსებული რეგიონალური ზეგავლენა დაიბრუნოს",_აღნიშნავს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 5 მარტს სოჭში დიმიტრი მედვედევი უკვე მესამედ შეხვდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს. მხოლოდ ცალკეული ექსპერტი თუ ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა არსებული სტატუს-ქვოს გასაგრძელებად საკმარისი იქნება.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბახის შეიარაღებული კონფლიქტი 1991 წელს დაიწყო და მას არაერთი მშვიდოვიანბი მოსახლე შეეწირა.