ოსმა სეპარატისტებმა ოფიციალური თბილისი გაზთან დაკავშირებით გააფრთხილეს. გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ თუ ქართული მხარე ახალგორის რაიონს გაზს არ მიაწოდებს, ზაფხულში ცხინვალი "ასევე პოლიტიკურ პასუხს" გასცემს სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის წევრმა დავიდ სანაკოევმა გააკეთა.
"ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხი უკვე რამდენიმე წელის ჰაერშია გამოკიდებული. ქართული მხარე კი ამ საკითხის პოლიტიზირებას უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს. ამით კი რაიონის მოსახლეობა უკვე ორი ზამთარია გაზის გარეშე იმყოფება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ მითითება საერთაშორისო ორგანიზაციების უსუსურობაზე, ისეთების როგორებიცაა ეუთო და გაერო, ამ საკიხთხის გადაწყვეტასთან მიმართებაში", _ განაცხადა სანაკოევმა და აღნიშნა, რომ ზაფხულში გაზის საკითხის აქტუალობა უკან გადაიწევს აი, სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი კი საქართველოსთვის უფრო აქტუალური იქნება.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასეთ შემთხვევაში წყლის მიწოდების საკითხი ასეთივე ტემპებით გადაწყდება", _ აცხადებს სანაკოევი.