ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის პირობებში, ეკონომიკის ბერკეტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების შემთხვევაში, რუსეთი ამ ორგანიზაციიდან გარიცხვის რისკის ქვეშ დადგება. თუმცა ეს რუსეთისთვის ტრაგედია არ იქნება, რადგან ამ ქვეყანაში ბევრს ისევ სოციალისტურ რელსებზე დარჩენა სურს.
"პუტინი სულ იძახის, რომ გემრიელია ქართული "ქინძმარაული", მაგრამ ონიშჩენკო იტყვის, რომ მასში პესტიციდებია. ამის გამო შეწუხებული პუტინი იძულებული იქნება, თავის ბაზარზე ქართული პროდუქცია არ მიიღოს. ეს თავისთავადი პროცესი უნდა იყოს რუსეთისთვის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის პირობებში, ისეთი არაადეკვატური ნაბიჯებით მოძრაობა არ მოახდინოს, რომელიც მან ამჟამად საქართველოს მიმართ აირჩია", _ აცხადებს ცისკარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, მოლდოვას ღვინოშიც აღმოჩნდებოდა პესტიციდები, როგორც კი მისი პრეზიდენტი ნაკლებად სასიამოვნო ფრაზას წარმოთქვამდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ამიტომ რუსეთის ხელში ეს სრულიად მკაფიო პოლიტიკური იარაღია, რომლის გამოყენებაზედაც რუსეთი არასდროს იტყვის უარს.
"მთავარია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის პირობებში რუსეთი თავად დადგება რისკის ქვეშ, იყოს გარიცხული ამ ორგანიზაციიდან. არც ეს იქნება ტრაგედია რუსეთისთვის, რადგან, მერწმუნეთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის წევრობას ყველაზე ბევრი მოწინააღმდეგე თავად რუსეთში ჰყავს. მათთვის წარმოუდგენელია სოციალისტური რელსებიდან რეალურად გადასვლა საბაზრო ეკონომიკისკენ. ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა იმ სახელმწიფო პროტექციონიზმს, რომელზედაც დაფუძნებულია რუსული ბიზნესი, ადვილად ვერ შეელევა", _ აღნიშნავს ცისკარიშვილი.
"ცივილიზებული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის მოდერნიზაციის საფუძველი არის ახალი ტექნოლოგიები და საზღვარგარეთული ინვესტიციები. საიდან გაჩნდება ეს ყველაფერი, თუ არ გაიხსნა ბაზარი? პუტინმა შემოუშვა ერთხელ გაზის მოპოვებისას უცხოური კომპანია და ნახევარ წელიწადში გააძევეს. ასეთი ველური ქმედებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის პირობებში აღარ მოქმედებს. ეს უზარმაზარი ბაზარია. ჩვენ მოსკოვით ვმსჯელობთ ხოლმე რუსეთზე. ამას სიღარიბეც არ ჰქვია, ბოგანოდ არის ქცეული საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ქვეყნის. სად, როდის, რა დაიქუხებს რუსეთში, ძნელად პროგნიზირებადია", _ მიიჩნევს ცისკარიშვილი.
ექსპერტი კიდევ ერთ საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ პუტინისთვის დიდი რისკია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.
"სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ქვეყნის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრი იქნება და არა პრეზიდენტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალ არჩევნებამდე ასე ახლოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სარისკოა, რადგან საკმაოდ ხანგრძლივია დრო, როცა ქვეყანა გრძნობს ამ ორგანიზაციაში ყოფნის უპირატესობებს", _ აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყოფნის პირველი წლები იქნება მარტო ნეგატივიზმი, რადგან ობიექტურ მიზეზთა გამო უცხოური კომპანიები რუსული კომპანიების ინტერესების მიჩქმალვას შეეცდებიან.
"ეს იქნება გემრიელი ნაჭრების წართმევა იმ ნაზუქიდან, რასაც ჰქვია ბრძოლა გავლენისთვის. მხოლოდ 4-5 წლის მერე შეიძლება ქვეყანამ დაიწყოს საუბარი კონკრეტულ უპირატესობებზე, რაც მან მოიძია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყოფნის გამო", _ აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები იწყება, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი 9 მარტს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება.