მიმდინარე წელს სეპარატისტული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში 30 ტონა მიმოზას გაიტანენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასულ 2010 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 90 ტონა მიმოზა გაიტანეს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ მიმდინარე წელს, 8 მარტისთვის მიმოზის გარდა, რუსეთის ფედერაციაში ასევე სხვა სახის ყვავილებიც გავა, თუმცა მცირე რაოდენობით.
აფხაზეთიდან რუსეთში რეკორდული რაოდენობის მიმოზა 2006 წელს გავიდა და 300 ათას ტონაზე მეტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან რუსეთში გადასატანად გამზადებული რამდენიმე ტონა მიმოზის რამდენიმე პარტია, უკვე დააბრუნეს უკან აფხაზეთში მდინარე ფსოუზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. აღნიშნულ მცენარეზე რუსეთის "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმოზა მოწამლული და დაავადებული იყო.