10 მარტს, 10:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში, რესტორან "ანანურის" საკონფერენციო დარბაზში,Mმცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, მათ მიერ მომზადებული მიზნობრივი პროექტების პრეზენტაციების მოწყობას.
შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
"მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს მთიანი რეგიონის უმეტესი ნაწილია მოქცეული: მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი, ყაზბეგი, ანუ ხევი. აღნიშნული რაიონები გაცილებით მტკივნეულად განიცდიან მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, როგორიცაა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სისტემატური გათიშვა ან მათი საერთოდ არარსებობა, ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განიცდის საცხოვრებელი პირობების მძიმე მდგომარეობას და უმუშევრობას", _ აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
მათი განცხადებით, ეს მხარეები წარმოადგენს სასაზღვრო რეგიონებს და იქ ადგილობრივთა ყოფნა ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მყარი გარანტიაა.
"დასახელებული პრობლემების კვლევასა და მოგვარების გზების ძიებაში, სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული, თუმცა ადგილობრივი შემოსავლები და რესურსები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისია, საჭიროა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მობილიზება, სწორედ მათი დახმარებით გახდება შესაძლებელი რეალიზება გავუკეთოთ მთიანი რეგიონის უდიდეს პოტენციალს: აღორძინდეს სოფლის მეურნეობა, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ენერგო რესურსები, აღდგეს და პოპულარიზაცია გაუკეთდეს ისტორიულ ძეგლებს, მიზნობრივად იქნას გამოყენებული საკურორტო და რეკრეაციული ბუნებრივი ფონდები და მაღალ დონეზე განვითარდეს ტურიზმი. ყოველივე ზემოაღნიშნული მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე, რომელიც თავისთავად შეაჩერებს მათ მიგრაციას და ხელს შეუწყობს იქ არსებული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და განვითარებას", _ აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშიებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კოორდინირებულ თანამშრომლობას ახორციელებს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან, ტურიზმის დეპარტამენტთან და სხვადასხვა არასამთავრობო დაწესებულებებთან.