1-ლი სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია 100 ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"პენსიები ეტაპობრივად უნდა გავზარდოთ. გადავწყვიტეთ, პირველი სექტემბრიდან (ქვეყანას გაუჩნდება საშუალება, მათ შორის ხარჯების დაზოგვით და იმედია სხვა რამე ხელს არ შეუშლის) მინიმალური პენსია გახდეს 100 ლარი. ამას დაემატება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით კიდევ 7 ლარი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონერების 30 %-ის შემთხვევაში 30 ლარი", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, ისინი 1-ლარიანი სადაზღვევო პაკეტითაც ისარგებლებენ.
რაც შეეხება 100 დოლარიან საპენსიო პაკეტს, ქვეყნის პირველი პირის თქმით, მას ეს საარჩევნო დაპირება არ დავიწყებია და ის, სავარაუდოდ, ძალაში მომავალი წლის პირველი ნახევრიდან შევა.
"თუმცა, იმისთვის რომ გადავიდეთ 100-დოლარიან საპენსიო პაკეტზე, წლის განმავლობაში უნდა ჩავატაროთ დიდი საპენსიო რეფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა გადაჯგუფდეს", - დასძინა სააკაშვილმა.