სამართალდამცავები წუხელ 22.00 საათზე თბილისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. გვიან ღამით გორდის ქუჩის #10-ში ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდარის კონკრეტული მიზეზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. თუმცა ინციდენტი თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბოლოს მკვლელობით დასრულდა.
სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნეს საქმე. შესაბამისად, გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორ ადამიანს ნიკოლოზ ბერუაშვილს და მანუჩარ მიშელაძეს ეძებენ. სამართალდამცავების განმარტებით, მოკლული მამუკა მიშელაძის ძმა არის მანუჩარ მიშელაძე და ასევე, მოკლული ვალერი ბერუაშვილის ძმა არის ნიკოლოზ ბერუაშვილი. სამართალდამცავების განცხადებით, ბერუაშვილმა და მიშეალძემ ერთმანეთის ძმები დახოცეს.
წინასწარი გამოძიების შედეგებით, თავდაპირველად მანუჩარ მიშელაძემ მოკლა მეგობარი ვალერი ბერუაშილი, ამის შემსწრე გახდა თავად ვალერი ბერუაშვილის ძმა ნიკოლოზი და, შესაბამისად, უკვე ძმის მკვლელს გამოეკიდა მოსაკლავად, თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო და მისი ძმა_მამუკა მიშელაძე მოკლა.
შემთხვევა მათი საერთო მეგობრის სერგო ღარიბაშვილის სახლში მოხდა. ამ დროისთვის ღარიბაშვილს სამართალდამცავები ჰკითხავენ. კონკრეტული მიზეზები, თუ რის გამო დაიწყო შელაპარაკება, უკვე მისი დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.