"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების იმედი აქვს.
"იმდენად ძლიერია მოლაპარაკების პროცესში ჩვენი არგუმენტები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომ მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი იმისა, რომ ის დასრულდება შედეგით და ჩვენს საარჩევნო გარემოში თვისობრივი ცვლილებები იქნება", - განუცხადა ალასანიამ "ჯი-ეიჩ-ენს" სასტუმრო "ჰოლიდეიში", სადაც ოპოზიციურმა ე.წ. რვიანმა ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ ხელისუფლების ანალიზის პრეზენტაცია გამართა და მმართველი პარტია "ხარჯების გაბერვაში" დაადანაშაულა.
მისივე განმარტებით, ის წინადადებები, რაც ოპოზიციამ ჩამოაყალიბა, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ხელისუფლების მიერ ერთი საკითხის "ამოგდებაც" კი თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის საჭირო პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
"9 მარტს გამოჩნდება, აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური ნება, რაიმე შეიცვალოს. ჩემი პირადი განცდაა, რომ ეს პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ მისი მთავარი ბარიერი თავად სააკაშვილია", - დასძინა ალასანიამ.