ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ოთხი ტირძნისელი მოზარდიდან მხოლოდ ორის, ალეკო ცაბაძისა და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
სააგენტო "როიტერის" ვლადიკავკაზის ოფისის ინფორმაციით, სეპარატისტულმა სასამართლომ ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს ერთწლიანი სასჯელი შეუფარდა.
ალეკო ცაბაძესა და გიორგი რომელაშვილს სავარაუდოდ დღესვე გაათავისუფლებენ. არსებული ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციულ საზღვართან დაახლოებით ნახევარ საათში მიიყვანენ.
რაც შეეხებათ ბუჩუკურსა და ხმიადაშვილს, მათ, სავარაუდოდ, ცხინვალის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოათავსებენ.
"როიტერის" ინფორმაციით, ცხინვალში მიმდინარე სასამართლო პროცესი ამ დროისთვის დასრულებულია.