მეწარმეებს მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესწავლა მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საგადასახადო კოდექსში".
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შემოსავლების სამსახურისა და მეწარმეთა შორის ურთიერთობებში მთავრო პრინციპი ურთიერთანამშრომლობაა და არა ჩასაფრების პოლიტიკა.
"ამ პრინციპიდან გამოამდინარე, შემოვიტანეთ რამდენიმე ახალი ტიპის სანქცია, როგორიცაა გაფრთხილება. როდესაც საგადასახადო სამსახური დარწმუნდება, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის შეცდომას და არა გადასახადების დამალვას ან თავის არიდებას, ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს ალტერნატიული სანქციები და არა ჯარიმა. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ტექნიკური ხასიათის შეცდომა მოუვა და გაფრთხილების მიუხედავად იმავე შეცდომას გაიმეორებს კანონის არცოდნის გამო, ასეთ შემთხვევაში იძულების წესით დაევალება მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესწავლა.
"შეიქმნება ახალი მექანიზმი, სპეციალური კურსები, სადაც მოქმედი საკანონმდებლო აქტების შეასწავლიან და ის მეწარმეები, რომლებსაც შეცდომები ხშირად მოსდით კანონმდებლობის არცოდნის გამო ვალდებულები იქნებიან დაესწრონ ამ კურსებს", - განმარტა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და დასძინა, რომ აღნიშნული მექანიზმი არ შეეხება განზრახ ჩადენილ სამართლდარღვევის ფაქტებს, რომლის მიზანიც გადასახადების დამალვაა.