ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
როგორც მედიას შსს-ში განუცხადეს, ანზორ ოყუჯავას დაკავება 260-ე მუხლის საფუძველზე, 26 ნოემბერს მოხდა.
გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.
დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ(დავით) ოყუჯავა, სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს. თავად ოყუჯავა ამტკიცებდა, რომ ის არავის გაუშვია და სამსახური საკუთარი ნებით დატოვა.
ანზორ ოყუჯავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 5 ივლისს დაინიშნა.