ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ისტორიულ არგუმენტებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ იმავე ლოგიკით, რუსეთი მონღოლეთს უნდა გადაეცეს. ამასთან, ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩაყვანას და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე თანხლებას სთავაზობს.
ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება CNN
ლუკაშენკას განცხადებით, ისტორიული არგუმენტებით თანამედროვე ტერიტორიული პრეტენზიების გამართლება არასწორია.
„იმის თქმა, რომ ეს მიწები [უკრაინის ტერიტორიები] უხსოვარი დროიდან რუსული იყო... უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რუსეთის მიწებიც ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო. გახსოვთ? მაშასადამე, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს - მონღოლეთს?“ - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფოებრიობის სათავე კიევის რუსეთიდან მოდის, თუმცა მოგვიანებით ლუკაშენკომ საკუთარი განცხადება შეარბილა და აღნიშნა, რომ პუტინს ეს საკითხი ესმის, ხოლო მისი პოზიცია არასწორად არის გაგებული.
ინტერვიუში ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკისთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და პირადად უზრუნველყოს უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება პუტინთან შეხვედრის დროს.
„შემიძლია, თვითმფრინავში ჩავჯდე და მასთან ერთად მოსკოვში გავფრინდე. ჩვენ ორნი. მისი უსაფრთხოების გარანტის როლში, შემიძლია, მასთან ერთად დავჯდე და მოსკოვში გავფრინდე“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
CNN-ის ცნობით, ზელენსკიმ ლუკაშენკას შეთავაზებას არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ ომის პირობებში მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია.
„ჩვენ ომში ვართ, მოსკოვში ვერ შევხვდებით, კიევშიც ვერ შევხვდებით. ეს ყველასთვის გასაგებია. როდესაც ვინმე ასეთ რამეს ამბობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკამ ინტერვიუში ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი საბოლოოდ დონბასის მთელ ტერიტორიას დაიკავებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა კომპრომისებზე უნდა იმუშაონ.